ომი ევროპაში
რუსეთის ომი უკრაინაში და საქართველოს მივიწყებული კონფლიქტები:

რას უნდა ველოდეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში?
Der ehemalige georgische Verteidigungsminister Irakli Okruashvili

Der ehemalige georgische Verteidigungsminister Irakli Okruashvili

© picture alliance / AA | Metin Aktas

რუსეთის უკრაინული ომის პარალელურად, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების გზებზე დისკუსიები გაჩაღდა. სიტუაციის ესკალაცია და ლოკალური დონის შეტაკებები განახლდა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის  ყარაბაღის მიმართულებით. თბილისში უკრაინის, ხოლო სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის მხარდამჭერი მიტინგები იმართება; უკრაინაში კიევის მხარეს საომრად ასობით ქართველი მოხალისე გაემგზავრა, ხოლო აფხაზები და ოსები პირიქით, რუსეთის „სპეციალიურ ოპრაციაში“ ჩაერთვნენ.

უკრაინის გარშემო ატეხილი მოვლენების ფონზე, მცირე ანალიტიკურ სტატიაში, გაანალიზებულია თუ რა ხდებოდა და როგორ შეიძლება განვითარდეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები უახლოეს მომავალში.

საქართველოს პოლიტიკა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კვალდაკვალ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ორივეგან  თავისი შეიარაღებული ძალები განათავსა. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციამ ამ რეგიონების ფინანსური უზრუნველყოფაც იკისრა და მას შემდეგ სტაბილურად ავსებდა მათ ბიუჯეტებს. ამგვარად, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და ფინანსური მდგრადობის მთავარ გარანტად იქცა.

2012 წელს, საქართველოში ხელისუფლება იცვლება; ქვეყნის მართვის სადავეებს, კოალიციური მთავრობა - „ქართული ოცნება“, იღებს ხელთ. ქართული ოცნების მიდგომები, როგორც რუსეთთან, ასევე ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებთან მიმართებაში, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი წინამორბედისგან. პრიორიტეტულად გამოცხადდა მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც გულისხმობდა - რიტორიკის შერბილებას, ვაჭრობის აღდგენას, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობების ეტაპობრივ გაღრმავებას. პარალელურად, ახალი ხელისუფლება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პირდაპირი დიალოგის წარმოებასაც აპირებდა.

თბილისში მიიჩნევდნენ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის შემთხვევაში, მოსკოვი მას სოხუმთან და ცხინვალთან საგნობრივი საუბრის საშუალებას მისცემდა. თუმცა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ დადებით ეპიზოდებს, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მიმართულებაზე, არანაირი ძირეუელი ცვლილება არ მომხდარა. მეტიც, 2014 წელს, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საპასუხოდ, რუსეთმა იმავე ტიპის ხელშეკრულებები სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმა. რითაც ეს ორი რეგიონი, ფაქტობრივად კიდევ უფრო მიება რუსეთის ფედერაციას და შესაბამისად, კიდევ უფრო დაშორდა დანარჩენ საქართველოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისთან დიალოგში ჩართვის განსაკუთრებულ ენთუზიაზმს, არც სოხუმი და ცხინვალი იჩენდნენ. საქართველოს სხვადასხვა მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ ფორმულას - „ყველაფერი აღიარების გარდა“, აფხაზებმა და ოსებმა კონტრ-ფორმულით - „არაფერი აღიარების გარდა“, უპასუხეს. სოხუმისა და ცხინვალის ამგვარი პოზიცია, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ორივე რეგიონის ფინანსური და სამხედრო პატრონობას უზრუნველყოფდა, ალბათ დიდად არც იყო გასაკვირი. ბოლო ხანებია, პირდაპირი დიალოგისადმი ინტერესი, აფხაზეთის ახალმა ლიდერმა - ასლან ბჟანიამ გამოხატა, თუმცა ამჯერად უკვე თბილისი აღმოჩნდა „ყრუ“ სოხუმის ინიციატივის მიმართ.

შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებია ქართულ-აფხაზური და განსაკუთრებით ქართულ-ოსური ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც 2008 წლის ომის შემდგომ შეიქმნა და კონფლიქტში ამა თუ იმ ფორმით ჩართულ ყველა მხარეს უყრის თავს, აბსოლუტურ ფორმალობად იქცა. არსებული სტატუს-კვოთი თითქოსდა ბოლომდე არც ერთი მხარეა კმაყოფილი, თუმცა მისი რადიკალურად შეცვლის შესაძლებლობა,  როგორც ჩანს, არავის გააჩნია.  

ის, რომ საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების სამხედრო გზით გადაჭრას არ აპირებს, ირიბად საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტაც დასტურდება, რომელიც წლიდან-წლამდე არათუ იზრდება, არამედ მცირდება. შედეგად, ამჟამად საქართველო რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სახელმწიფოა.

დიდი ომის ექო თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში

თბილისი

2008 წლის ქართულ-რუსული ომიდან და ზოგადად რუსეთთან დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ფრიად მტკივნეულად აღიქვამს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრაველოსა მიიჩნევს, რომ უკრაიანაში დღეს საქართველოს ბედიც წყდება.

ომის კვალდაკვალ, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში, მუდმივად იმართება უკრაინის მხადამჭერი მრავალათასიანი აქციები. მოსახლეობა დღემდე აქტიურად აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ორგანიზებულად იგზავნება უკრაინაში; მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მიემგზავრებიან პოლონეთსა და უკრაინაში, რათა როგორც დევნილ, ასევე საომარ მოქმედებებში დაჭრილ ადამიანებს, შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

ცალკე გამოსაყოფია ქართველ მოხალისეთა ჩართულობა საბრძოლო მოქმედებებში. ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველოდან უკრაინის მხარდასაჭერად ათეულობით მოხალისე წავიდა. შეიქმნა ე.წ. ქართული ლეგიონიც, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული სამხედრო ოპერაციებში.

ამჟამად უკრაინაში საომრად წასვლამ, სრულიად სხვა მასშტაბები მიიღო. მოხალისეეებად წავიდნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც - ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მოქმედი პარლამენტის წევრი და სხვა სოციალურ-პოლიტიკურად აქტიური ადამიანები. ქართველი მოხალისეების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, თუმცა, სავარაუდოდ ისინი უცხოელ მოხალისეთა შორის, ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენენ.

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ბევრად მოზომილი იყო და დღემდე ასეთად რჩება. პრემიერ მინისტრმა და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს არ შეუერთდება. საქართველოს პარლამენტმა, მრავალდღიანი დისკუსიებისა და მსჯელობების მიუხედავად,  უკრაინასთან მიმართებაში საერთო რეზოლუციის მიღებაც კი ვერ მოახერხა. ოპოზიციის სურვილი რეზოლუციაში რუსეთის ბრალეულობის სათანადოდ გამოკვეთის შესახებ, მმართველი პარტიისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებია, ქართული პოლიტიკა განსაკუთრებული პოლარიზაციითა და პოლიტიკური კლასის კონსენსუალური გადაწყვეტილებების მიღების სრული უუნარობით ხასიათდება; უცნაურია, თუმცა ისეთი საერთაშორისო კრიზისიც კი, როგორიც ამჟამად უკრიანაში ვითარდება, ვერ გამოდგა საკმარის საფუძვლად პოლიტიკურ ძალთა მეტი კონსოლიდაციისთვის.

ამასთანავე, ჯერ უკრაინული რადის დეპუტატის  და შემდეგ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებამ, იმის თაობაზე, რომ დროა საქართველომ საკუთარი ტერიტორული მთლიანობა ძალისმიერად აღადგინოს და ფაქტობრივად გახსნას მეორე ფრონტი რუსეთისათვის, თბილისში ფართო დისკუსიები გამოიწვია. რუსეთის მიერ კიევისა და ძირითადი უკრაინული ქალაქების ვერ აღებამ, კოლოსალურმა სამხედრო დანაკარგებმა და შესაძლო კრახის პერსპექტივამ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზით დაბრუნების შესაძლებლობაზე აალაპარაკა. ინტერნეტში, youtube-ის არხზე, გამოჩნდა მცირე ვიდეო რგოლიც, სადაც სახე დაფარული და სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, საუბრობენ „შესაძლებლობის ფანჯარაზე“, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს და გაილაშროს სოხუმსა და ცხინვალზე.   

თუმცა, ამგვარმა მოსაზრებებმა, საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა ვერ ჰპოვეს. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე მთლიანად პოლიტიკური კლასი, ჰომოგენურია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ ინსტრუმენტად დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს განიხილვას. ამ პათოსის განცხადებები გაკეთდა, როგორც სხვადსახვა დარგის ექსპერტთა, ასევე მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიერ.

ცხინვალი და სოხუმი

ცხინვალისა და სოხუმის რეაქციები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ბუნებრივია, თბილისისგან განსხვავებული, თუმცა არა ერთგვაროვანი იყო. სამხრეთ ოსეთმა დნრ-ისა და ლნრ-ის დამოუკიდებლობა, ჯერ კიდევ 2014 წელს აღიარა; სოხუმი ამ ტერიტორიებისგან გარკვეულ დისტანცირებას მუდმივად ცდილობდა, თუმცა ამჯერად, რუსეთის კვალდაკვალ მასაც მოუწია მათი აღიარება. აფხაზთა და ოსთა ამგვარი ქმედება არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ მათ აბსოლუტურ დამოკიდებულებას რუსეთზე, როგორც ფინანსური, ასევე სამხდერო თვალსაზრისით.

რთულია იმის დადგენა, თუ რა საზოგადოებრივი განწყობები არსებობს ამ ტერიტორიებზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ორივეგან, ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლებების ორგანიზებით რუსეთის მხადამჭერი მიტინგები გაიმართა. თუმცა, სოხუმში სტადიონის ტრიბუნების შესავსებად, ხელისუფლებას რატომღაც სამხერდროებისა და მილიციონერების მიტინგზე დაპატიჟება მოუწიათ. ეს შემთხვევა, ცალკეული დისკუსიები სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივ მედიაში, გვაფიქრებინებს, რომ აფხაზეთში,  უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ჰომოგენურობისგან შორსაა. ამასთანავე გულუბრყვილობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ აფხაზები საკუთარი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორს  - რუსეთს, ომში მარცხს უსურვებენ.  სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოებრივ განწყობებზე რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე ქვეყნებშიც - ბელარუსსა და სომხეთში. აშკარაა, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მისი მოკავშირეების მოსახლეობებში საყოველთაო მხარდაჭერა არ გააჩნია.

ისევე როგორც საქართველოდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან,  მოხალისეები უკრაინისკენ გაემართნენ; ოღონდ ერთი განსხვავებით - ისინი რუსეთის მხარეს იბრძვიან. აქაც რთულია ზუსტ რაოდენობებზე საუბარი, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, არცერთ რეგიონში ამ მხრივ განსაკუთრებული მობილიზაცია და ენთუზიაზმი არ შეინიშნება. ყველაფერი უფრო ძველი ვალის დაბრუნებას წააგავს.

აღსანიშნავია ერთი ნიშვნელოვანი ასპექტიც - ომის კვალდაკვალ, რუსეთმა უკრაინაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საკუთარი სამხედროების გადასროლა დაიწყო. ამასთანავე, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, ეს  პროცესი პირდაპირ ეხება ადგილობრივ მოსახლეობასაც, რადგან იქ განთავსებულ რუსულ ბაზებზე ბევრი ადგილობრივიც იყო დასაქმებული; შედეგად, ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების თანამშრომლები არიან, შესაბამისი უფლებებითა და ვალდებულებებით. საუბარია რამდენიმე ასეულ ოსზე, რომლებიც  სავარაუდოდ უკვე ჩართულნი არიან უკრაიანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ცხინვალში, ადგილობრივი ოსების უკრაინაში გაგზავნა, ბუნებრივია მზარდ უკმაყოფილებას იწვევს.  

ზოგადად, რუსეთის უკრაინაში არცთუ წარმატებული ომის ფონზე და მათი ტერიტორიებიდან რუსული სამხედრო შენაერთების გაყვანის გამო, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, იზრდება შიში საქართველოს შესაძლო სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით. სოხუმში და ცხინვალში არ არიან დარწმუნებულნი, რომ ქართველები სამხედრო რევანშს არ ეცდებიან.

რევანში, შეთანხმება, თუ რაღაც სხვა

უკრაიანაში მიმდინარე პროცესები ჯერჯერობით შორსაა დასასრულისგან; როგორი იქნება დასასრული ასევე უცნობია; შესაბამისად რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენა ექნება ყოველივეს სამხრეთ კავკასიაზე და ქართულ-აფხაზურ-ოსურ სამომავლო ურთიერთობებზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მხრიდან სამხედრო რევანშის ალბათობა, რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები უკრაინაში, ნაკლებად სავარაუდოა. საქმე იმაშია, რომ მნიშვნელოვნად დასუსტებული რუსეთიც კი, სამხედრო თვალსაზრისით საკმარისად ძლიერი იქნება საქართველოსთვის. ამიტომ, თბილისის მიერ ძალაზე აპელირება და მითუმეტეს მისი გამოყენება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, ყოველთვის მაღალ რისკთან იქნება დაკავშირებული. ამასთანავე, თბილისში აცნობიერებენ, რომ რუსეთის ფაქტორის შემცირების ფონზეც კი, არსად გაქრება საზოგადოებრივი განწყობები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება, სავარაუდოდ, კონფლიქტების დროში გაწელილ, თუმცა ნაკლებად სახიფათო - მშვიდობიან მოგვარებას მიანიჭებს უპირატესობას. საქართველოში ამჟამად არსებული განწყობები, ამის მტკიცების, მყარ საფუძველს იძლევა.

ამასთანავე, მიუხედავად მომავლის ბუნდოვანებისა, უკვე გამოკვეთილია გარკვეული ტენდენციები, რომლებიც მიუთითებს, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, შესაძლოა ბევრად ხელშესახები და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა მხარისთვის სასარგებლო, შედეგები მოჰყვეს. კერძოდ, რანაირადაც არ უნდა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინაში, დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სხვადასხვა ტიპის სანქციები, ერთიანად არ გაქრება. რაც ბუნებრივია აისახება რუსეთის ბიუჯეტში ფულის რაოდენობაზე, რაც თავის მხრივ დიდი ალბათობით ასახვას ჰპოვებს მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალისთვის გამოყოფილ ყოველწლიური ტრანშების მოცულობაზეც. ამაზე, სოხუმში ვიზიტად მყოფმა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, უკვე ისაუბრა კიდეც.

გარდა ფინანსურისა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი, სხვა სახის გამოწვევების წინაშეც დადგებიან. კერძოდ, თუ აქამდე მათ ხელთ არსებული რუსული პასპორტებით, ავად თუ კარგად, მაგრამ საერთაშორისო გადაადგილება და იმავე დასავლური ქვეყნების ვიზების მოპოვება შესაძლებელი იყო, ახლა ეს პროცესი სავარაუდოდ კიდევ უფრო გართულდება. სხვათა შორის, გადაადგილების თვალსაზრისით აფხაზებისათვის აქამდე ფრიად სასარგებლო სოჭის აეროპორტიც, საერთაშორისო ფრენებისთვის ნაკლებად კომფორტული ხდება.

დასავლური სანქციების პარალელურად, რუსეთი ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა. ისეთი პირი უჩანს, რომ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შოვნა რუსეთში ან საერთოდ შეუძლებელი იქნება, ან მასზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ეს არის იმ გამოწვევათა მცირე ჩამონათვალი, რომლის წინაშეც აფხაზებიც და ოსებიც უეჭველად დადგებიან. ამ ფონზე, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ცხინვალსა და და განსაკუთრებით სოხუმში (ეს უკანასკნელი ამ მიმართულებით ფიქრში, მანამდეც იყო „შემჩნეული“), ალტერნატივებზე ფიქრი დაიწყონ. თუ თბილისი, სოხუმი და ცხინვალი  შესაბამის მოქნილობასა და სტრატეგიულ აზროვენას გამოიჩენენ, არაა გამორიცხული ისეთ საკითხებზე საგნობრივი დიალოგის წამოწყება, როგორიცაა - ეკონომიკური თანამშრომლობა, გადაადგილების თავისუფლება, გალისა და ახალგორის მოსახლეობის უფლებების უზრუნველყოფა,  აფხაზებისა და ოსების საერთაშორისო საგანმანთლებლო პროგრამებში ჩართვა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ფინანსური დახმარების აფხაზებისა და ოსებისთვის წვდომის გაზრდა და ა.შ.

ყოველივე ზემოთ დაწერილის შეჯამება, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისს გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, მართლაც ეხსნება „შესაძლებლობის სარკმელი“. თუმცა, როგორც ყველა ორმხრივ ურთიერთობებში, აქაც მნიშნველოვანი იქნება აფხაზებისა და ოსების მზაობა შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმისადმი.

Bei Medienanfragen kontaktieren Sie bitte:

Helena von Hardenberg, Presse und Digitale Kommunikation
Helena von Hardenberg
Press Officer and Deputy Press Spokesperson Foreign Offices
Phone: +49 30 288778-565