ყოველწლიური კვლევა
“მედიაგარემო საქართველოში - 2025: მედიის მიტაცების პირობებში“
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს “მედიახმამ“ ყოველწლიური კვლევა - “მედიაგარემო საქართველოში - 2025: მედიის მიტაცების პირობებში“ გამოაქვეყნა.
კვლევის მიზანია, 2025 წელს, საქართველოში არსებული მედიაგარემოსა და მედიის მიტაცების რუსული გენეზისის აღწერა და შეფასება; იმ ძირითადი საფრთხეებისა და მხარდამჭერი მექანიზმები გამოკვეთა, რომლებიც გავლენას ახდენდა საინფორმაციო ეკოსისტემაზე, მედიის სიცოცხლისუნარიანობაზე, მედიისადმი ნდობასა და სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაციაზე საქართველოში. კვლევა გამოკვეთს, თუ როგორ მუშაობს კლეპტოკრატიული მმართველობის პირობებში მედია, როგორ უმკლავდება რუსულ გავლენებს, დეზინფორმაციისა და მძლავრი პროპაგანდიდან მომდინარე საფრთხეებს.
კვლევაში აღწერილია თუ როგორ იმოქმედა 2025 წელს არსებულმა გამოწვევებმა მედიაორგანიზაციების მდგრადობაზე, ჟურნალისტურ საქმიანობასა და მედია-პროდუქტის ხარისხზე. კვლევის ერთ-ერთი ასპექტია, გააანალიზოს მედიაგარემოს როლისა და ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში. კვლევაში აღწერილია ჟურნალისტიკის პროფესიისა და ჟურნალისტების სარედაქციო გამბედაობის მნიშვნელობა კრიზისულ სიტუაციებში და ხაზგასმულია სიტყვის თავისუფლების გადარჩენისთვის ბრძოლის ტრანსფორმაციული მაგალითები.
კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრების შეფასებასა და გავლენას მედიაგარემოზე. გაანალიზებულია, რა ზეგავლენა მოახდინა მედიაზე რეპრესიული კანონების ინსტრუმენტალიზაციამ. შეფასებულია საკანონმდებლო ცვლილებების ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა, სასამართლო და საპროტესტო ჟურნალისტიკის გამოწვევები; როგორ მოქმედებს ჟურნალისტურ საქმიანობაზე პოლარიზაცია, პროპაგანდა და მასთან ბრძოლის რა საშუალებები არსებობს;
კვლევა მოიცავს დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილსაც, რომელშიც გამოკვეთილია სოლიდარობის ინსტუციონალიზაციის მნიშვნელობა და მედიისადმი ნდობის აღდგენის მექანიზმები.
მედიაგარემოზე დაკვირვება მოხდა 19 მედიასაშუალების 22 წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით.
კვლევის ავტორები არიან მარიამ გერსამია (თსუ, პროფესორი, „მედიახმის დამფუძნებელი); ეკატერინე გიგაური („მედიახმის“ უფროსი მკვლევარი); მარიკა გერსამია („მედიახმის“ უფროსი მკვლევარი, იურისტი);
კვლევა მომზადდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის - სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.
კვლევის სანახავად მიჰყევით ბმულს: