ძალადობის დღიური
თეონა ჭალიძის ისტორია
თეონა 4 დეკემბერს პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ყველაფერი 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც წყლის და გაზის ჭავლისგან თეონა გონების დაკარგვას სასწრაფო დახმარების ექიმებმა გადაარჩინეს. “შემდეგ უდიდესი სტრესი მომადგა როცა ჩემი თვალით ვნახე სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მშვიდობიანი მონაწილეების სასიკვდილოდ ცემის ფაქტები და მათ შორის უმძიმესი იყო ის წამები როცა ერთ-ერთი ასეთი შემზარავი კადრების გადაღება მოვახერხე.” - ამბობს თეონა.
თავად ძალადობის აქტი 2024 წლის 4 დეკემბერს განხორციელდა, როდესაც დაზარალებული სასტუმრო ქორთიართ მერიოტში ოპოზიციური პარტიების გაფართოებულ შეკრებაზე იმყოფებოდა. შეხვედრა დაახლოებით 22:00-ზე დასრულდა და თეონას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ სასტუმროს წინ მობილიზებული იყო ე.წ “ტიტუშკების ჯგუფი”, რომლებსაც როგორც წესი “ქართული ოცნება” აგზავნის ხოლმე აქციის მონაწილეების დასარბევად. “მე გამოვედი გარეთ, სადაც იყო ჩოჩქოლი და შავებში ჩაცმული პირბადიანი ადამიანები დავინახე ოპოზიოციონერების ნაწილთან და ჟურნალისტებთან, მივუახლოვდი და ერთ-ერთს, რომელიც მეგონა ჩემი ნაცნობი ე.წ კაპიშონის ქუდი მოვხადე. ჩემთვის მოულოდნელად მან სახეში გამარტყა და მხარზეც ვიგრძენი ძლიერი დარტყმა. თავი ვერ შევიმაგრე და წავბორძიკდი. განვიცადე ფიზიკური ტკივილი. იმ წამებში ვიყავი გაოგნებული და მესმოდა ხმები ,,გოგოს რატომ დაარტყი, ქალს ხელი რატომ დაარტყი“ - იხსენებს თეონა ინტერვიუში. მოგვიანებით, როდესაც დაზარალებულმა კადრები ნახა, აღმოჩნდა, რომ დამნაშავე იყო გადაცმული პოლიციელი, ვინმე მირიან ქავთარაძე. ინციდენტს იღებდა არაერთი ჟურნალისტი, რომელთაგან ერთ-ერთ კადრში ჩანს დარტყმის მომენტიც. “ მაშინ როცა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაშია პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, ჩემთვის პოლიციელის მხრიდან მომხდარ ძალადობაზე რეაქცია ნულოვანია”.
სამწუხაროდ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია 4 დეკემბერს პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე და შესაბამისად თეონა ჭალიძისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებია.