არჩევნები სამაჩაბლოში
სამხრეთ ოსეთი - არჩევნები და არჩევანი

დავიწროებული სივრცე კონფლიქტებზე ზემოქმედების ლიბერალური მიდგომებისათვის?
South Ossetia Map

© Giorgi Balakhadze, wikimedia.org

საქართველოში არსებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები[1] თვისობრივად, შიდა განვითარების დინამიკით თუ თავდაპირველი და ძირეული მახასიათებლებით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. და მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტებზე საუბრისას, როგორც წესი, გამოყოფენ სამ განზომილებას - ქართულ-რუსული კონფლიქტის განზომილებას, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტებისა და დასავლეთი-რუსეთის კონფლიქტის განზომილებებს, მნიშვნელოვანია მკაფიოდ გავიაზროთ სწორედ ამ მეორე განზომილების მიმართულებით არსებული ძირეული განსხვავებები, და, შესაბამისად, როგორც კონფლიქტებზე მუშაობის, ასევე უსაფრთხოების სტრატეგიების ინსტრუმენტების განსხვავებული საჭიროება[2].

დღევანდელი ვითარება - ძველი-ახალი პრობლემები და დავიწროებული სივრცე ურთიერთმოქმედებისათვის

სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და გამოცხადებული რეფერენდუმის კონტექსტში მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ თავიდანვე აფხაზური ნაციონალური პროექტი მიმართული იყო დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს შექმნისაკენ, ხოლო სამხრეთ ოსური ნაციონალური პროექტი მკაფიოდ ირიდენტისტული იყო. ასეთ განსხვავებულობას, გარდა სხვა ძირეული მიზეზებისა ისიც განაპირობებდა, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და მის შემადგენლობაში არის ჩრდილოეთ ოსეთი, როგორც ფედერაციის სუბიექტი, რომელიც ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით საკმაოდ აღემატება სამხრეთ ოსეთს. ხოლო გაყოფილი ერის გაერთიანებისა და „დიდი ალანიის“[3] ძველი დიდების აღდგენის იდეა საკმაოდ მომხიბვლელად ჟღერდა სამხრეთელებისათვის. თუმცა, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებლებისათვის ასეთი შერწყმას ისეთივე მომხიბლაობა არ ჰქონდა როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.  აქვე ხაზგასასმელია, რომ დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს იდეა საბოლოოდ საქართველოსგან დამოუკიდებლობასა და ქართველებისგან მტრის ხატის შექმნის გარშემო კონცენტრირდა. რაც ბოლო წლებში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა რუსეთის ფედერაციასთან მზარდი ინტეგრაციული პროცესებისა და აფხაზური ეთნოცენტრისტული პოლიტიკის ფონზე[4].

სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში 2008 წლის შემდეგ[5] აქცენტირდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, თუმცა რუსეთის ფედერაციასთან, როგორც უსაფრთხოების მთავარ და ფაქტიურად ერთადერთ გარანტთან, სრული ინტეგრაცია დღის წესრიგიდან არა თუ არ მოხსნილა, არამედ პერიოდულად, განსაკუთრებით შიდა კრიზისულ და წინასაარჩევნო პერიოდებში, ისევ იჩენდა თავს. ცხინვალის რეგიონშიც, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველო მთავარ გამოწვევად, და ქართველები უსაფრთხოებისა და ოსი ხალხის ფიზიკური არსებობის მთავარ საფრთხედ აღიქმებოდა, რაც მოსახლეობის ადგილობრივი მმართველების გარშემო კონსოლიდაციის მთავარი საყრდენი ხდება. და ეს იმ ფონზე, როცა ქართველებსა და ოსებს შორის 90-ნი წლების მძიმე პერიოდის მიუხედავად მაინც რჩებოდა ადამიანური კავშირები, ხოლო კულტურული და საზოგადოებრივი მიზიდულობის ცენტრად, მიუხედავად ვლადიკავკაზის მიერ მისი ჩანაცვლებისა, ზოგიერთი ჯგუფისათვის მაინც თბილისი და გორი რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში 2006 წლამდე მაინც.

აქვე უნდა ხაზგასმით აღინიშნოს როგორც აფხაზური, ასევე და განსაკუთრებით სამხრეთ ოსური ეკონომიკის სრული დამოკიდებულება რუსულ ფინანსურ ტრანშებზე, რაც ორივე ეკონომიკას, განსაკუთრებით კი სამხრეთ ოსურს, ტიპოლოგიურად ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან აახლოებს.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა, ძირითადად ეთნიკური ქართველები, საქართველოს დანარჩენ ქალაქებსა და რეგიონებში აგრძელებს ცხოვრებას ხშირად სრულიად არათანაბარ, ეკონომიკურად და სოციალურად მძიმე პირობებში. განსხვავებით აფხაზებისაგან, ეთნიკურად ოსი მოქალაქეები დღესაც ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ასევე, განსხვავებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისა, რომელთა ხმა ასე თუ ისე მაინც ისმის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ცხინვალიდან დევნილები შედარებით ინერტულები არიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: აფხაზეთში პროცესებში აქტიურად მონაწილეობს საკმაოდ ორგანიზებული და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო ცხინვალში არა თუ სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ სამოქალაქო და Human Rights აქტივისტებიც ვერ ახერხებენ საქმიანობას უცხოეთის აგენტების შესახებ კანონისა და ადგილობრივი მმართველების თუ სხვა სტრუქტურების ზეწოლისა და მუდმივი კონტროლის პირობებში.

არანაკლებ მნიშვნელოვანი განსხვავება არის ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ინდივიდებს აფხაზეთზე აქვთ წვდომა[6], ხოლო ცხინვალი სრულად არის მათგან იზოლირებული[7]. შესაბამისად, კონფლიქტზე ზემოქმედების ლიბერალური სამშვიდობო მიდგომების მთავარი პრინციპი - ადამიანზე ორიენტირებული და ადამიანის მიერ მართული პროცესები, მათ შორის დიალოგის სხვადასხვა ფორმატები, ფაქტიურად ეფექტურობას მოკლებული აღმოჩნდა და კვლევითი და ანალიტიკური მასალების შქმნის გარშემო კონცენტრირდა[8].

არჩევნები და რეფერენდუმი - ძალაუფლების შენარჩუნება უპრველეს ყოვლისა!

2022 წლის 10 აპრილს სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ჩატარდა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ოფიციოზის ფავორიტი იყო მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. არჩევნების პარალელურად დაანონსებული იყო მორიგი რეფერენდუმის ჩატარების თარიღიც, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესლას მიეძღვნებოდა. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება ამ არჩევნებს, და ცხადია, რეფერენდუმსაც, არალეგიტიმურად მიიჩნევს, თუმცა ადგილზე მიმდინარე პროცესებსა და მთლიანად რეგიონული უსაფრთხოების სტრუქტურაზე,  მას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია - სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონის სტატუსის  ოკუპირებულიდან ანექსირებულით შეცვლით

ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებიდან მოხსნილი იყო ფაქტიურად ყველა მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი კანდიდატი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი კოკოითი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის წევრი დავით სანაკოევი და სხვა. ფაქტიურად ბიბილოვი უალტრნატივო კანდიდატად უნდა დარჩენილიყო.

მზარდი შიდა პოლიტიკური და მმართველობითი კრიზისის ფონზე დაანონსებულ რეფერენდუმს წინ უძღოდა ამავე საკითხზე ორი წინამორბედი პრეზიდენტის მიერ უკვე ჩატარებული ორი რეფერენდუმი. ხოლო თავად ბიბილო ვის მიერ თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადით არჩევის წინ გაცხადებული რეფერენდუმი საბოლოოდ მხოლოდ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისათვის სახელის შეცვლაზე დავიდა.[9] იმ დროისთვის, და შესაბამისად, სავარაუდოდ, არც მომდევნო პერიოდში, რუსეთის ინტერეებში არ შედიოდა სამხრეთ ოსეთის ანექსიით თავისთვის, შესაძლოა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც პრობლემების შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე. მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიაზე მისთვის საჭირო როგორც სამხედრო, ასევე სატრანსპორტო და ეკონომიკურ გავლენებს სრულად ფლობდა.

თუმცა, მოქმედი პრეზიდენტისადმი უკმაყოფილება, განსაკუთრებით კორუფციულ სქემებთან მისი კავშირი, ციხეში წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის საქმე, ჩორჩანა-წნელისის საქმე, ოსი ჯარისკაცების უკრაინის ომში ჩართვა და მათი არდაცვა, ისევე როგორც სრულიად მიუღებელ სტილში მათტან საუბარი გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ პირველ ტურში ვერ გამოვლენილიყო გამარჯვებული, ხოლო მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი დამარცხებულიყო საკმაოდ საგრძნობი განსხვავებით და  გამარჯვება მოეპოვიებინა ალან გაგლოევს, რომელსაც პირველი ტურის შემდეგ ყველა სხვა კანდიდატმა დაუჭირა მხარი[10].

ალან გაგლოევის წინასაარჩევნო დაპირებებში შედიოდა ახალგორისათვის ეგზომ მნიშვნელოვანი საკითხი: გზის გახსნა საქართველოსკენ. ეს დაპირება საკმაოდ თამამი და ამავე დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადი იყო როგორც ახალგორელებისათვის, რომლებიც რამდენიმეწლიან ჩაკეტილობიდან შეძლებენ გამოსვლას, ასევე სამხრეთ ოსეთის დანარჩენი მოსახლეობისათვის, როგორც ეკონომიკურ ასევე სოციალურ, მაგ. ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.[11]

ალან გაგლოევს წინასაარჩევნო დაპირებებში რუსეთთან შეერთების დაჩქარება არ ჰქონდა გაცხადებული. ეს პრეზიდენტ ბიბილოვის know-how -დ რჩებოდა, რითაც მან ისარგებლა კიდევაც და ჯერ კიდევ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ხელი მოაწერა რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 2022 წლის 17 ივლისის დამტკიცებას.

რუსეთთან მიერთებისადმი არაერთგაროვანია თავად რუსეთის ფედერაციის ოფიციოზის დამოკიდებულება. ცხადია უკრაინის ომის ფონზე რუსეთს ამისათვის არ სცალია და პატარა რესპუბლიკის ეს გადამეტებული აქტიურობა დამატებით თავის ტკივილად და სახსრების ხარჯვად არ უღირს.[12] თუმცა, უკრაინის მიმართულებით გარკვეული წარუმატებლობების ფონზე შესაძლოა მისთვის საჭირო აღმოჩნდეს სახის შესანარჩუნებელი გარკვეული წარმატებული მაგალითები და სამხრეთ ოსეთის მიერთება ასეთ მაგალითად შეიძლება იქნას განხილული. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია ასეთი პატარა ფაქტით სატისფაქციური (satisfaction) განწყობების პოპულარიზაცია შიდა რუსულ სივრცეში, მით უმეტეს მზარდი ეკონომკური და საზოგადოებრივი კრიზისის ფონზე[13].  

მეორეს მხრივ კი ასეთი გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაცია კარგავს საქართველოზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბოლო ბერკეტს, რაც რუსეთისათვის არ უნდა იყოს უმნიშვნელო[14]. ასევე, ასეთმა ნაბიჯმა შესაძლებელია აფხაზური საზოგადოებისა და აფხაზური ელიტის არაერთგვაროვანი და რუსეთისათვის არაპროგნოზირებადი რეაქცია გამოიწვიოს, როგორც რუსეთიდან მათი დამოუკიდებლობის მიმართ მომავალი სერიოზული საფრთხის ინდიკატორი.

არჩევნები და არჩევანი

სიტუაციის კომპლექსურობა თუ შესაძლებლობების ფანჯარა - ვისთვის როგორ?

ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტის მიმართულებით სიტუაციის კომპლექსურობა და, ზოგიერთი შეფასებით, პესიმისტურობა არახალი გამოწვევაა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

ზემოთ განხილული ფაქტების ერთობლიობა, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რეალურს შეიძლება ხდიდეს აქ ანექსიურ პროცესებს. მით უმეტეს რუსული აგრესიული პოლიტიკის არაპროგნოზირებადი ხასიათის გათვალისწინებით.

ამ გამოწვევისა და არაპროგნოზირებადობის მხოლოდ ფაქტობრივი აღიარება ვერ იქნება გამოსავალი. საჭიროა წინა პერიოდების გამოცდილების, მათ შორის უარყოფითისაც, გათვალისწინება და დახურულ სივრცეში შესაძლებლობების ფანჯრის მოძებნა.

ასეთი შესაძლებლობების ფანჯრის არსებობის დაშვებისთვისაც კი უმნიშვნელოვანესია ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის შიშები, ხშირად ხელოვნურად კულტივირებული, მაგრამ ეფექტურად გამოყენებული როგორც ადგილობრივი ელიტის, ასევე რუსეთის მედია და ოფიციალური პირების მიერ საქართველოს აგრესიული იმიჯის შესაქმნელად, და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ამ შიშების არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა აქტორისათვის გაქარწყლება, იმის ხაზგასმა, რომ სამშვიდობო პოლიტიკა საქართველოს ურყევი, გააზრებული და თანმიმდევრული არჩევანია და რომ ეს არჩევანი არ შეიცვლება ნებისმიერი დონის არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიხედვით

როგორც ანტიანექსიური, ასევე კონფლიქტებზე მუშაობის პროცესში, როგორც სწრაფი, ასევე გრძელვადიანი ეფექტისათვის აუცილებელ ქმედებებად შეიძლება ჩავთვალოთ:

  • მოქმედება პრინციპით - რთულია არ ნიშნავს შეუძლებელიას;
  • საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი გზავნილების გაჟღერება ყველა შესაძლო მაღალი ტრიბუნიდან როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, ასევე სხვა უმაღლსი თანამდებობის პირების მიერ. საერთაშორისო არენაზე ქართული მხარის ანტიანექსიური მიდგომების გააქტიურება სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაციისა და კოორდინაციის პირობებში;
  • საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტისადმი ჯეროვანი ყურადღების გამოჩენა და იმ მიდგომის დავიწყება, რომ ეს კონფლიქტი უიმედოა - უიმედოდ აღიარება და ამ იმართულებით მუშაობის შეწყვეტა თავად არის მოუგვარებლობის განმსაზღვრელი;
  • სამხრეთ ოსეთის, მიუხედავად მისი ჩაკეტილობისა, აქტიური მოქალაქეების შესაძლებლობების აღიარება და მათი მხარდაჭერა.
  •  იქ არსებულ საზოგადოებრივ ლიდერებთან საკომუნიკაციო კავშირების ხელშეწყობა და ამ კავშირების მექანიზმების დაცულობა;
  • სამხრეთ ოსური საზოგადოების შესაძლებლობების დანახვა-აღიარება, რაც გადამწყვეტი უნდა იყოს ნებისმიერი კონფლიქტის დარეგულირების გზაზე.

 დასკვნის მაგიერ:

ამ მიმოხილვისთვის საინტერესო შეიძლება იყოს ოსური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ფაქტი, რომელიც ვერ ჯდება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში გავრცელებული დომინანტური მოსაზრების კონტექსტში ოსური საზოგადოების სრული ინერტულობის შესახებ.

  • ალან გაგლოევის მხარდამჭერებს შორის გამოჩნდა ალა ჯიოევა[15], რომელიც 2011 წლის არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის კონკურენტი იყო და ფაქტობრივად მოუგო მას. ჯიოევას ოსური საზოგადოების ყველა ფენის მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა. ჯიოევა სამხრეთ სავკასიაში პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი გახდა, თუმცა სრულიად აშკარა და არასამართლებრივი, მათ შორის ფიზიკური,ზეწოლის შედეგად იძულებული გახადეს უარი ეთქვა გამარჯვებაზე[16].
  • ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარა მეარაყიშვილის საქმიანობა და მის მიმართ განხორციელებული ქმედებები. საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად თამარას პიროვნული თვისებები და სიმტკიცე გადამწყვეტი აღმოჩნდა მის მიმართ აღძრული მრავალწლიანი სასამართლო დავის მოგებისათვის. რაც ადგილობრივი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითია უმწვავეს პირობებშიც კი ადამიანის გადაწყვეტილებების მნიშვნელოვნებისა და მისი გავლენების შეფასებისათვის[17].
  • ბოლო წლებში ადამიანების დაკავების და მათი ქართული მხარისთვის გადაცემის პროცესებში გააქტიურდნენ არაფორმალური, გარკვეული გავლენების მქონე ჯგუფები, რომელთა მოქმედებების ამოსავალი ჰუმანიტარული პრინციპების დაცვა და მოგვარება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები საჯაროდ მხოლოდ გახმაურებულ შემთხვევებში ერთვებოდნენ, ასეთი მოქმედებები დადებითად შეფასდა შიდა ოსურ დისკურსებში[18]

ეს  მაგალითებიც კი არის საკმარისი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მეორე რიგის (Track II diplomacy), ანუ არაფორმალური დიპლომატიის ფუძემდებლური დებულება, რომ „აქტიური ან პოტენციური კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს ან შემსუბუქდეს თუკი მივმართავთ ჩვეულებრივ ადამიანურ შესაძლებლობებს რეაგირება მოახდინონ ერთმანეთის კეთილ ნებასა და გონიერებაზე“.[19] და ვაღიაროთ, რომ ქართულ-სამხრეთ ოსურ კონფლიქტში ჯერ კიდევ არის დარჩენილი სივრცე ადამიანზე ორიენტირებული და მის კეთილ ნებასა და გონიერებაზე დაფუძნებული კონფლიქტების დარეგულირების ლიბერალური მიდგომებისათვის.

ნინო კალანდარიშვილი

Institute for the Study of Nationalism and Conflicts

 

[1] იგულისხმება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი

[2] Conflicts in Georgia: ongoing challenges and ways for solution http://regional-dialogue.com/konpliktebi-sakartveloshi/#prettyphoto/0/

[3] «Великая Алания»

[4] იხ. აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემები vs მმართვლობითი სტრუქტურების ეთნიკური სემადგენლობა. ასევე 20014 წლიდან რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის დადებული ინტეგრაციული და თანამშრომლობითი ხელშეკრულებები კანონებისა და სტრუქტურების ჰარმონიზაციის სესახებ

[5] 2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება

[6] თუმცა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად მოსკოვის ფავორიტის, ინალ არძინბას დანიშვნის შემდეგ აქაც სიტუაცია უარესობისკენ იცვლება

[7] ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც სამხრეთ ოსეთზე აქვს წვდომა არის წითელი ჯვრის საერთაშრისო ორგანიზაცია

[8] იხ. მაგ.Georg mason University პუბლიკაციები 2011-22 წწ.

[9][9] სამხეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელი ამჟამად ასე ჟღერს: Республика Южная Осетия-Алания რაც უნისონში ჟღერს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელთან Республика Северная Осетия – Алания და ორი ალანიის ერთიანობის ეფემერულ განცდას ქმნის

[10] დაწვრილებით ალან გაგლოევსა და არჩევნებზე იხ. აქ https://www.kavkaz-uzel.eu/articles/374409/

[11] აქამდე მძიმე ავადმყოფების თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანა მხოლოდ ვლადიკავკაზის გავლით ხორციელდებოდა, რაც ხანდახან მძიმე ავადმყოფების გზაში დაღუპვის ტოლფასი იყო

[12] https://www.kommersant.ru/doc/5354728

[13] https://www.kommersant.ru/doc/5354728

[14] შესაძლოა, ასეთმა ნაბიჯმა ხელი გაუხსნას საქართველოს უფრო აქტიური ქმედებებისაკენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით

[15] https://www.ekhokavkaza.com/a/31853245.html

[16] განმეორებით არჩვენებში პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ლეონიდ თიბილოვმა

[17] https://www.ekhokavkaza.com/a/31853343.html

[18] იხ. მ.ოთინაშვილის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის, იმავე პერიოდში გამყოფი ხაზის კვეთის გამო ასაკოვანი ადამიანების დაკავებების რამდენიმე ფაქტი

[19]William D. Davidson, Joseph V. Montville, “Foreign Policy according to Freud,” Foreign Policy, No.45 (Winter 1981-82),